შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი გაიარეს. სწავლება სამი კვირის განმავლობაში, საჩხერესა და ჭიათურაში მდებარე სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. სასწავლო კურსს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სწავლების განმავლობაში შეისწავლეს: სამთო აღჭურვილობის შერჩევა, მისი მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები, გადაადგილება მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, დაშავებულის კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზება, ასევე გაიარეს სამხედრო- ალპინისტური და სამთო-ტექნიკური მომზადება.
სწავლების მონაწილეებს სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ - გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძემ, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა - ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ - პოლიციის პოლკოვნიკმა ვასილ რევიშვილმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.
კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.
თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, უწყებათშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივ სამთო კურსებს რეგულარულად ატარებენ.